შინაარსზე გადასვლა

ანტონიო ვივალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:07, 11 მარტი 2022-ის ვერსია, CommonsDelinker (განხილვა | წვლილი) ((ბოტი: 01_-_Vivaldi_Spring_mvt_1_Allegro_-_John_Harrison_violin.ogg შეიცვალა Vivaldi_-_Four_Seasons_1_Spring_mvt_1_Allegro_-_John_Harrison_violin.oga-ით))
ანტონიო ვივალდი
ვივალდის შესაძლო პორტრეტი

ანტონიო ლუჩიო ვივალდი (იტალ. Antonio Lucio Vivaldi; დ. 4 მარტი, 1678, ვენეცია ― გ. 28 ივლისი, 1741, ვენა), მეტსახელად Il Prete Rosso („წითელი მღვდელი“) — ვენეციელი მღვდელი, ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი და მევიოლინე. მისი ოთხი სავიოლინო კონცერტი, „წელიწადის დრონი“, განეკუთვნება ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებს.

ბიოგრაფია

ანტონიო ვივალდი დაიბადა 1678 წლის მარტს, ქალაქ ვენეციაში. პატარა ანტონიო დაბადებისთანავე მონათლეს. მკვლევართა ვარაუდით, ახალშობილს ან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ან ეს დაკავშირებული იყო იმ მიწისძვრასთან, რომელიც ვივალდის დაბადების დღეს არყევდა ქალაქს. თუმცა, საეკლესიო ნათლობა მოხდა მისი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ.

ვიოლინოზე დაკვრა ანტონიომ მამისგან, ჯოვანი ბატისტასგან ისწავლა. ჯოვანი ბატისტა იყო ერთ-ერთი Sovvegno dei musicisti di Santa Cecilia-ს დამაარსებელი, რომელიც წარმოადგენდა მუსიკოსთა და კომპოზიტორთა ერთგვარ პროფესიულ გაერთიანებას. ამ ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჯოფანი ლეგრენზი, სან-მარკოს ბაზილიკის კაპელის მაესტრო, რომელმაც ადრეულ ასაკშივე უწინასწარმეტყველა პატარა ანტონიოს დიდი მუსიკალური მომავალი. როგორც ჩანს ვივალდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ვერ შეძლო დაუფლებოდა სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრას, სუნთქვის უკმარისობის გამო.

15 წლის ასაკში, 1693 წელს მან სწავლა დაიწყო სასულიერო სასწავლებელში და მაშინ მისი მიზანი იყო გამხდარიყო მღვდელი. 1703 წელს, 25 წლის ასაკში ის ეკურთხა კიდეც მღვდლად და მაშინ მისი მეტსახელი იყო Prete Rosso, ანუ "წითელი მღვდელი", სავარაუდოდ მისი წითელი თმების გამო. ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 1704 წელს, მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი ეთქვა სადღესასწაულო ლიტურღიის ჩატარებაზე. აქედან მოყოლებული ის თანდათან ჩამოცილდა აქტიურ პრაქტიკას, თუმცა მაინც რჩებოდა მღვდლად.

Ospedale della Pietà-ში, 1703 წლის სექტემბერში ვივალდი გახდა Ospedale della Pietà-ს თავშესაფარში maestro di violino (ვიოლინოს მასწავლებლად). ვენეციაში სულ 4 ასეთი დაწესებულება იყო. მათი მიზანი იყო მიეცათ განათლება და აღეზარდათ მიტოვებული, ობოლი და ღარიბი ოჯახის შვილები. ისინი ფინანსდებოდნენ რესპუბლიკის ფონდებიდან ვაჟები შეისწავლიდნენ ვაჭრობას და თავშესაფარს ტოვებდნენ 15 წლის ასაკში, ხოლო გოგონები კი იღებდნენ მუსიკალურ განათლებას და ყველაზე ნიჭიერები ხდებოდნენ Ospedale della Pietà-ს გუნდის და ორკესტრის წევრები.

ანტონიო ვივალდის ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ მალე ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელთა გუნდმა მოიპოვა დიდი სახელი და პატივისცემა რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც. სწორედ ვივალდიმ დაწერა მათი კონცერტების, კანტატების და სასულიერო მუსიკის უმეტესი ნაწილი. თუმცა კომპოზიტორის დამოკიდებულება Ospedale della Pietà-ს მმართველობასთან საკმაოდ დაძაბული იყო. მმართველთა საბჭო ყოველ წელს აწყობდა კენჭისყრას მასწავლებელთა არჩევის თაობაზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვივალდის დატოვებაზე კენჭისყრა ყოველთვის დავით სრულდებოდა და 1709 წელს დიდმა კომპოზიტორმა დაკარგა ეს სამუშაო 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ. ხოლო ერთი წლის შემდეგ, როგორც შტატგარეშე მუსიკოსი კვლავ დააბრუნეს ოსპედალეში. როგორც ჩანს მმართველობა დარწმუნდა მის გენიალობაში. უკვე 1713 წელს ის გახდა ამ დაწესებულების მუსიკალურ შემოქმედებაზე პასუხისმგებელი. ხოლო 1716 წელს დააწინაურეს და მიიღო წოდება maestro di' concerti.

სწორედ ამ წლებში დაწერა ვივალდიმ თავისი მუსიკალური ნაწარმოებების უმრავლესობა, მათ შორის უამრავი ოპერა და კონცერტი.

1705 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული Opus 1, რომელიც მოიცავდა ორი ვიოლინოს 12 სონატას. 1709 წელს გამოიცა მეორე კრებული Opus 2. 1718 წელს ვივალდიმ დაიწყო მოგზაურობა. მიუხედავად მისი ხშირი მოგზაურობისა Ospedale della Pietà თანახმა იყო მისთვის ხელფასი გადაეხადა, თუკი კომპოზიტორი მათ დაუწერდა თვეში ორ კონცერტს და ჩაატარებდა მეცადინეობას ხუთჯერ მაინც იმ დროს, როცა ვენეციაში იმყოფებოდა. ანგარიშსწორების ფურცლები გვაუწყებენ, რომ მან 1723-1733 წწ-ში მას 140 კონცერტის დაწერა აუნაზღაურეს. ოპერის იმპრესარიო მე-18 საუკუნის ვენეციაში ოპერა იყო ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური სანახაობა და მისი წერაც კომპოზიტორისათვისაც ძალზედ მომგებიანი იყო. არსებობდა რამდენიმე თეატრი, რომლებიც მუდმივ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან. ვივალდის პირველი ოპერა Ottone in villa დაიდგა 1713 წელს არა ვენეციაში არამედ განზერიაში ვიჩენცას თეატრში. მომდევნო წელს ვივალდიმ უკვე ვენეციაში გადმოინაცვლა და გახდა Sant'Angel-ოს თეატრის იმპრესარიო, სადაც დაიდგა მისი ოპერა Orlando finto pazzo (RV 727). თუმცა ეს ოპერა ვერ პასუხობდა იმდროინდელი მაყურებლის მოთხოვნებს, ამიტომაც ორი კვირის შემდეგ ვივალდი იძულებული გახდა მოეხსნა იგი თეატრის რეპერტუარიდან და შეეცვალა იმ დროისათვის უფრო პოპულარული წარმოდგენით. 1715 წელს მან მაყურებელს წარუდგინა ოპერა Nerone fatto Cesare (RV 724, დაკარგულია). ეს იყო შვიდი კომპოზიტორის შექმნილი ოპერა, სადაც ვივალდი იყო ლიდერი. ამჯერად ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად.

1716 წელს ვივალდიმ დაწერა კიდევ ორი ოპერა L'incoronazione di Dario (RV 719) და La costanza trionfante degli amori e degli odi (RV 706). უკანასკნელი მათგანი იმდენად პოპულარული გახდა რომ ორი წლის შემდეგ უკვე სახელშესვლილი და გადამუშავებული Artabano re dei Parti (RV 701, დაკარგულია) იდგმებოდა სხვადასხვა თეატრების სცენებზე და საბოლოოდ 1732 წელს პრაღაშიც კი დაიდგა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ანტონიო ვივალდიმ ცნობილი წელიწადის დროები, რომელიც წარმოადგენს ვიოლინოს 4 კონცერტს. როგორც ირკვევა ამ მუსიკის დაწერის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მანტუას ირგვლივ მდებარე ლამაზი სოფლის გარემო. ამ ნაწარმოებმა მოახდინა რევოლუცია მუსიკალურ კონცეფციაში. მათში გენიალურმა კომპოზიტორმა ნათლად დახატა ნაკადულის ჩხრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლების ყაფა, მეცხვარეთა შეძახილები, შტორმი, წყნარი ღამეები, გაყინული პიეზაჟები, ცეცხლის ციალი. ყველა ეს სცენა თვალნათლივ წარმოგვიდგება ხოლმე ამ გენიალური მუსიკის მოსმენისას.

თავისი კარიერის ზენიტში კომპოზიტორმა დაწერა საქორწილო კანტანტა Gloria e Imeneo (RV 687), სპეციალურად ლუი XV-ის ქორწინებისადმი მიძღვნილი და La Cetra მიძღვნილი იმპერატორ ჩარლზ VI-სადმი. 1728 წელს ის პირადად შეხვდა იმპერატორს ტრიესტში, პორტის მშენებლობაზე ჩამოსულს. ჩარლზი ისე მოხიბლული იყო „წითელი მღვდლის“ მუსიკით, რომ ის იმ დღეს იმაზე მეტი ესაუბრა კომპოზიტორს, ვიდრე ალბათ ყველა მინისტრს ორი წლის მანძილზე. მან ვივალდს მიანიჭა რაინდი წოდება, ოქროს მედალი და მიიწვია ვენაში. თავის მხრივ კომპოზიტორმა იმპერატორს გადასცა La Cetra-ს ხელნაწერის ასლი.

1730 წელს მამის თანხლებით ვივალდი მოგზაურობს ვენასა და პრაღაში, სადაც დაიდგა მისი ოპერა Farnace. იმ პერიოდის სხვა კომპოზიტორთა მსგავსად ვივალდიც სიცოცხლის ბოლო წლებში განიცდიდა ფინანსურ გაჭირვებას. მისი ნაწარმოებები უკვე აღარ სარგებლობდნენ პოპულარობით, მუსიკალური გემოვნების ცვალებადობამ ისინი მალე მოდიდან გადასული გახადა. რის გამოც ვივალდი იძულებული გახდა თავის ხელნაწერთა უმრავლესობა მეტად დაბალ ფასში გაეყიდა, რათა ვენაში თავისი ცხოვრება უზრუნველეყო. დღემდე უცნობია ვივალდის ვენეციიდან წასვლის მიზეზი. თუმცა მკვლევართა ნაწილი ვარაუდობა, რომ იგი ვენაში იმპერატორთან შესახვედრად გაემგზავრა, თუმც მისი ვენაში ჩასვლიდან მოკლე ხანში იმპერატორი გარდაიცვალა. უიღბლობის ამ მძიმე დარტყმამ კომპოზიტორი ვენაში შემოსავლის წყაროსა და იმპერატორის მფარველობის გარეშე დატოვა. ვივალდი გარდაიცვალა 1741 წლის 27 ან 28 ივლისს შინაგანი ორგანოების ინფექციით, ნაქირავებ სახლში. 28 ივლისს დაკრძალეს ღარიბთა საავადმყოფოს ეზოში,რომელიც მდებარეობდა წმინდა კარლის სახელობის ეკლესიასთან. ამ სასაფლაოზე ასაფლავებდნენ სიკვდილმისჯილ დამნაშავეებსაც. იმის გამო რომ ეს სასაფლაო 1783 წელს დაიხურა, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის დაკრძალული ა. ვივალდი. 1815 და 1818 წლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაფლაო იყო, აშენდა ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1978 წელს, ანტონიო ვივალდის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წინ დაიდგა მემორიალური დაფა, რათა უკვდავეყოთ ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორის სახელი.

მუსიკალური ფრაგმენტები

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: