შინაარსზე გადასვლა

აიდა ლუპინო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიდა ლუპინო
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1918
ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 1995 (77 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მომღერალი
  • რეჟისორი
  • პროდიუსერი
აქტიური 1931–1978

აიდა ლუპინო (ინგლ. Ida Lupino; დ. 4 თებერვალი, 1918 — გ. 3 აგვისტო, 1995) — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორი და პროდიუსერი, რომელიც 1950-იანი წლების ჰოლივიდის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ქალ რეჟისორად მიიჩნევა.[1] დამოუკიდებელი კინოწარმოების კომპანიის მფლობელი ლუპინო რამდენიმე სოციალური გზავნილის მქონე ფილმის სცენარისტი და პროდიუსერი იყო. იგი პირველი ქალი რეჟისორია, რომელმაც ნუარის ჟანრის ფილმი გადაიღო.

48-წლიანი კარიერის მანძილზე ლუპინომ 59 ფილმში ითამაშა, ხოლო გადაიღო რვა ფილმი. მას აგრეთვე სხვადასხვა სატელევიზიო პროექტების 100-ზე მეტი სერია აქვს გადაღებული, მათ შორის ვესტერნის, სიტკომის, მისტიკისა თუ განგსტერულ ჟანრში.[2] იგი ძირითადად აშშ-ში მუშაობდა, რომლის მოქალაქეც 1948 წელს გახდა.

ლუპინო 1937 წელს

ლუპინო ლონდონში, ჰერნ ჰილის რაიონში, მსახიობი კონი ემერალდისა და კომიკოსი სტენლი ლუპინოს ოჯახში დაიაბდა. მისი მამა საუკუნოვანი თეატრალური დინასტიის წარმომადგენელი იყო, რომელიც არსებობას იტალიური რენესანსის პერიოდიდან ითვლიდა. სწორედ მან უბიძგა ლუპინოს მსახიობობისკენ.

ლუპინომ შვიდი წლის ასაკში პირველი პიესა დაწერა, ხოლო ათი წლისამ უკვე შექსპირის პიესების ყველა ქალი პერსონაჟის როლი ზეპირად იცოდა.

ლუპინოს მწერლობა სურდა, თუმცა მამის სურვილით, დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაააბარა. კარიერის დასაწყისში მან მსუბუქი ყოფაქცევის ქალი როლი არაერთხელ შეასრულა.[3] ლუპინოს არ მოსწონდა მსახიობობა და შესრულებული როლების გამო თავს არაკომფორტულად გრძნობდა. იგი თვლიდა, რომ პროფესიის არჩევა ოჯახის ისტორიამ აიძულა.[4]

ლუპინო 1930-იან წლებში

ლუპინო როგორც თეატრის, ასევე კინოს მსახიობი იყო. 1934 წელს მან პიესაში ბედნიერების ძიებაში მთავარი როლი შეასრულა, რაც მისი პირველი თეატრალური გამოსვლა იყო.[5] ლუპინოს კინოდებიუტი 1931 წელს ფილმში სიყვარულის რბოლა შედგა. მომდევნო წელს მან ალან დუონის ფილმში პირველი ურთიერთობა ითამაშა, რომლის შესარჩევ კონკურსში მისი როლის მოპოვებისთვის დედამისიც მონაწილეობდა.[6] 1933 წელს ლუპინომ ხუთ ბრიტანულ ფილმში მთავარი როლები შეასრულა. იმავე წელს მან Paramount Pictures-თან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[2]

1930-იან წლებში ლუპინომ ათეულობით ფილმში მიიღო მონაწილება. 1939 წელს ფილმში ჩამქრალი სინათლე შესრულებულმა როლმა მას, როგორც დრამატულ მსახიობს, სერიოზული რეპუტაცია მოუტანა. ფილმში გამოვლენილი ლუპინოს სამსახიობო უნარებით მოიხიბლა მარკ ჰელინჯერი, Warner Bros.-ის პროდიუსერი, რომელმაც მას ფილმში ისინი ღამით მიდიოდნენ საბედისწერო ქალის როლი მისცა. ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა, რაშიც კრიტიკოსთა ერთობლივი მოსაზრებით, უდიდესი როლი ლუპინოს შესრულებამ ითამაშა.[7] Warner Bros.-მა მსახიობს კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რაზეც იგი გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკების შემდეგ დათანხმდა.

1943 წელს ფილმში რთული გზა შესრულებულმა როლმა ლუპინოს ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოუტანა.[8] Warner Bros.-თან მსახიობის კონტრაქტი 1947 წელს ფილმით ღრმა ხეობა დასრულდა.[9]

ლუპინო ხშირად უარს ამბობდა ზედაპირულად დაწერილ როლებზე, რომლებიც მისი სამსახიობო ღირსებისთვის შეუფერებლად მიაჩნდა, ასევე სცენარის მისეული კორექტურა მიუღებელი იყო კინოსტუდიისთვის, რაც ამ უკანასკნელის ხელმძღვანელის, ჯეკ ვორნერის უკმაყოფილებას იწვევდა. დაძაბული ურთიერთობის გამო 1947 წელს ლუპინომ სტუდიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. იმავე წელს მან 20th Century Fox-ის ფილმში სახლი გზის პირას მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მუსიკალური ნომრებიც შეასრულა. 1951 წელს ლუპინომ ითამაშა ფილმში სახიფათო მიწაზე, რომელშიც რეჟისორი ნიკოლას რეის ავადმყოფობის პერიოდში რეჟისორის გარკვეული მოვალეობებიც შეასრულა.[10]

ლუპინო (მარცხნივ) ჰიჩჰაიკერის გადასაღებ მოედანზე, 1953 წელი

რეჟისორობა, სცენარისტობა და პროდიუსერობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერულმა პაუზამ ლუპინოს ფილმის გადაღებისა და მონტაჟის პროცესის გაცნობის საშუალება მისცა, რის შემდეგაც იგი სარეჟისორო საქმიანობით დაინტერესდა.[11] მან აღნიშნა, თუ როგორი მოწყენილი იყო გადასაღებ მოედანზე, როცა „სხვები ყველაზე საინტერესო საქმით იყვნენ დაკავებულნი.“[12]

ლუპინომ ფილმების გადასაღებად მეუღლესთან, კოლიერ იანგთან, ერთად დამოუკიდებელი კინოკომპანია The Filmakers დააარსა.[2] მან პირველი სარეჟისორო საქმიანობა 1949 მოულოდნელად განახორციელა, როცა რეჟისორმა ელმერ კლიფტონმა გულის შეტევის გამო ვეღარ შეძლო ფილმის არასასურველი დასრულება. ლუპინო რეჟისორის გარდა ფილმის თანასცენარისტი და თანაპროდიუსერი იყო. მან დაასრულა ფილმზე მუშაობა, თუმცა კლიფტონისადმი პატივისცემის გამო საკუთარი წვლილის მითითებაზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის თემა – ქორწინების გარეშე დაორსულება ‒ საკამათო იყო, ფილმმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა. ფილმის ელეანორ რუზველტთან ერთად განსახილველად ლუპინო ეროვნულ რადიოპროგრამაში მიიწვიეს.[13]

ლუპინოს ოფიციალური რეჟისორობით გადაღებული პირველი ფილმია უშიშარი (1949),[6] რომელიც პოლიოვირუსით დაავადებული ახალგაზრდა მოცეკვავე ქალის შესახებ მოგვითხრობს. უშიშარის შემდეგ ლუპინომ ოთხ სოციალური თემატიკის მქონე ფილმს გაუწია პროდიუსერობა, მათ შორისაა შეურაცხყოფა (1950), რომელიც გაუპატიურების თემაზეა.[14] 1953 წელს მან ჰიჩჰაიკერი გადაიღო, რითაც ნუარის ჟანრში პირველი ქალი რეჟისორი გახდა. The Filmakers-მა კიდევ 12 სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომელთა შორის ლუპინო ექვსის თანარეჟისორი, ხუთის თანასცენარისტი და ერთის თანაპროდიუსერი იყო, ხოლო სამი ფილმის შექმნაში, მან, როგორც მსახიობმა, მიიღო მონაწილეობა.[13]

ლუპინო 1957 წელს

კინოკომპანია The Filmakers 1955 წელს დაიხურა, რის შემდეგაც ლუპინომ ტელევიზიაში დაიწყო მოღვაწეობა. 1965-1968 წლებში მან 30-ზე მეტი ამერიკული სატელევიზიო სერიალი გადაიღო.

ლუპინო სამჯერ იყო დაქორწინებული. 1938 წელს იგი მსახიობ ლუის ჰეიუორდზე დაქორწინდა, რომელსაც 1945 წელს გაეყარა.[15][16] ლუპინოს მეორე მეუღლე პროდიუსერი კოლიერ იანგი იყო, რომელზეც 1948-1951 წლებში იყო დაქორწინებული. იანგთან განქორწინებისას იგი უკვე მომავალი მეუღლისგან, ჰოვარდ დაფისგან იყო ორსულად.[17] ლუპინო დაფზე 1951 წლის ოქტომბერში დაქორწინდა.[18] ექვსი თვის შემდეგ მათ ქალიშვილი, ბრიჯიტი, შეეძინათ.[19] ისინი ერთმანეთს 1983 წელს დაშორდნენ.[20]

ლუპინო 77 წლის ასაკში, როცა კოლორექტალური კიბოს მკურნალობას გადიოდა, ინსულტის შედეგად 1995 წლის 3 აგვისტოს ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა.[21] მისი მემუარი აიდა ლუპინო: კამერის მიღმა მისი სიკვდილის შემდეგ მერი ენ ანდერსონმა გამოსცა.[22]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Morra, Anne (2 August 2019). „Anne Morra presents Ida Lupino’s Never Fear and discusses the director’s place in film history“. Her Way Magazine (ინგლისური).
  2. 2.0 2.1 2.2 Acker, Alley (1991). Reel Women – Pioneers of the Cinema, pp. 74-78. The Continuum Publishing Company, New York, NY. ISBN 0-8264-0499-5
  3. Donati, William (1996). Ida Lupino A Biography, University press of Kentucky. ISBN 0-8131-1895-6
  4. Grishman, Grossman, Therese, Julie (2017). Ida Lupino, Director: Her Art and Resilience in Times of Transition. United States of America: Rutgers University Press, გვ. 5. ISBN 9780813574929. 
  5. Wilkerson Daily Corp. (1934). The Hollywood Reporter (Jan-Jun 1934), Media History Digital Library, Hollywood, Calif., Wilkerson Daily Corp.. 
  6. 6.0 6.1 Hagen, Ray & Wagner, Laura (2004). Killer Tomatoes: Fifteen Tough Film Dames, pp. 103-114. McFarland & Company Inc., Jefferson, North Carolina. ISBN 978-0-7864-1883-1
  7. Kurtti-Pellerin (Producers), (2003). Divided Highway: The Story of They Drive by Night (documentary short). Turner Entertainment Co., USA: Kurtti-Pellerin.
  8. Flint, Peter B. "Ida Lupino, Film Actress and Director, Is Dead at 77," The New York Times. 5 August 1995. Retrieved on 11 April 2016.
  9. Morra, Anne (2010). Modern Women: Women Artists at the Museum of Modern Art, pp. 235–237. Museum of Modern Art, New York, New York. ISBN 978-0-87070-771-1.
  10. Ida Lupino Milestones, Turner Classic Movies.
  11. Rickey, Carrie (29 October – 4 November 1980). "Lupino Noir," Village Voice, p. 43
  12. Orgeron, Marsha (2008). Hollywood Ambitions, pp. 170-179. Wesleyan University, Middleton, Connecticut. ISBN 978-0-8195-6864-9
  13. 13.0 13.1 Hurd, Mary (2007). Women Directors & Their Films, pp. 9–13. Praeger, Westport, Connecticut. ISBN 0-275-98578-4
  14. James, Caryn. (2019) Why Ida Lupino's taboo-breaking films could be set today. BBC Online.
  15. „Ida Lupino, Louis Hayward Admit Separation“. San Jose Evening News. 19 July 1944. p. 11.
  16. „Actress Ida Lupino Files Suit For Divorce“. St. Petersburg Times. 5 May 1945. p. 13.
  17. „Ida Lupino To Seek Divorce From Producer“. Toledo Blade. 3 September 1951. p. 23.
  18. „Actress Ida Lupino Wed to Howard Duff“. Eugene Register-Guard. 22 October 1951. p. 4.
  19. „Ida Lupino Mother of 4-lb. Daughter“. The Times-News. 1952. p. 9.
  20. „Actress, director Lupino dies“. The Daily Courier. 1995.
  21. Ida Lupino, 77; Actress, Pioneer Director. Albany Times.[მკვდარი ბმული]
  22. Ida Lupino: Beyond the Camera – New from BearManor Media. Turner Classic Movies.