შინაარსზე გადასვლა

რორი გალაგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რორი გალაგერი
რორი გალაგერი
რორი გალაგერი მანჩესტერ აპოლოს დარბაზში შესრულებისას, 1982 წელი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 მარტი, 1948
დაბ. ადგილი ბოლიშენონი, დონეგალის საგრაფო, ირლანდია
გარდ. თარიღი 14 ივნისი, 1995
გარდ. ადგილი ლონდონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი
ეროვნება ირლანდიელი
ჟანრ(ებ)ი ბლუზ-როკი, ფოლკი, ჯაზი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი, ბასი, მანდოლინა, საქსოფონი, ჰარმონიკა, ბანჯო, დულციმერი, დობრო
აქტიური 1963–1995
ლეიბლ(ებ)ი Polydor, Chrysalis, Buddah, Castle
საიტი rorygallagher.com
რორი გალაგერი ვიკისაწყობში

უილიამ რორი გალაგერი (ინგლ. William Rory Gallagher; დ. 2 მარტი, 1948 — გ. 14 ივნისი, 1995)[1][2] — ირლანდიელი ბლუზ და როკ მულტიინსტრუმენტალისტი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი. დაიბადა ბოლიშენონში, დონეგალის საგრაფოში[3] და აღიზარდა კორკში. გვიან 1960-იან წლებში გალაგერმა ჩამოაყალიბა ჯგუფი „ტეისტი“ (ინგლ. Taste) და ჩაწერა სოლო ალბომები 1970-იანებსა და 1980-იანებში. მსოფლიოში გაყიდულია მისი ალბომების 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.[4][5]

გიტარისტები, რომლებზეც გალაგერმა გავლენა იქონია, როგორც შემსრულებელმა, არიან: The Edge, სლეში, გერი მური, ჯო ბონამასა, ჯონი მარი, დეივი ნაულსი, იანიკ გერსი, ალექს ლაიფსონი, ჯეიმზ დინ ბრედფილდი, გლენ ტიპტონი და ვივიან კემპბელი.

1995 წელს გალაგერმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა გართულებების შედეგად იმავე წელს ლონდონში გარდაიცვალა 47 წლის ასაკში.[6]

გალაგერი თავდაპირველად გატაცებული იყო სკიფლით ლონი დონეგანის რადიოში მოსმენის შემდეგ. როცა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, გალაგერი უსმენდა ბადი ჰოლისა და ედი კოკრანს, თუმცა მალე აღმოაჩინა მადი უოტერსი, რომელიც მისი შთაგონების წყაროდ იქცა. რორიმ დაიწყო როკით, ბლუზითა და ქანთრით ექსპერიმენტირება და რადგანაც არ ჰქონდა საშუალება, ეყიდა ან სხვა მხრივ მოესმინა ამ მუსიკოსთა ალბომებისთვის, ის გვიანობამდე არ იძინებდა, რათა ლუქსემბურგისა და აშშ-ს სამხედრო რადიოარხების ტალღაზე მოესმინა მისი საყვარელი შემსრულებლებისთვის.

გალაგერის შთაგონების წყაროდ აგრეთვე იქცნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ ვუდი გათრი, ბიგ ბილ ბრუნზი და ლიდ ბელი. სიმღერასა და ჰარმონიკაზე დაკვრასთან ერთად, გალაგერმა თავად შეისწავლა სლაიდ გიტარაზე დავკრაც. მოგვიანებით მან ისწავლა საქსოფონზე, ბასზე, მანდოლინაზე, ბანჯოსა და ელექტრო სიტარაზე დაკვრა. თინეიჯერობის შუა ასაკისთვის ის ძლიერ დაინტერესდა ბლუზის სხვადასხვა სტილით.

მუსიკალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ თინეიჯერობაში, სკოლის შემდეგ გალაგერი უკრავდა ირლანდიურ მოცეკვავეთა ჯგუფში, 1963 წელს კი შეუერთდა ჯგუფს სახელად „ფონტანა“, რომელიც იმდროინდელ პოპულარულ ჰიტებს ასრულებდა. ჯგუფი ტურებს ასრულებდა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, აქედან მიღებულ შემოსავალს კი გალაგერი საკუთარი ფენდერ სტრატოკასტერის თანხის გადასახდელად იყენებდა. გალაგერმა დაიწყო ჯგუფის რეპერტუარში ცვლილებების შეტანა, რაც გამოიხატებოდა პოპ-მუსიკის გზიდან გადახვევასა და როკ-ენ-როლის ელემენტების შემოტანაში, მაგალითად, ჩაკ ბერის სიმღერების შესრულებით.

1966 წელს გალაგერმა ჩამოაყალიბა ბლუზ-როკ ჯგუფი „ტეისტი“. ჯგუფი მოგზაურობდა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. 1970 წელს გალაგერმა ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერას მიჰყო ხელი.

1975 წელს გალაგერმა მონაწილეობა მიიღო „როლინგ სტოუნზის“ მიერ ორგანიზებულ ქასთინგზე, რომლის მიზანიც იყო ახალი გიტარისტის პოვნა, ვინაიდან „როლინგ სტოუნზს“ იმხანად მიკ ტეილორი ტოვებდა. გალაგერის თქმით, იქ მივიდა იმისთვის, რომ „უბრალოდ ენახა რა ხდებოდა“. ის ჯგუფს არ შეურთდა, რადგან კმაყოფილი იყო საკუთარი სოლო კარიერით.

კარიერის მანძილზე გალაგერი გიტარისტთა წრეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჟურნალ „როლინგ სტოუნთან“ ინტერვიუსას ჯიმი ჰენდრიქსს ჰკითხეს: „როგორი გრძნობაა, იყოთ უდიდესი გიტარისტი მსოფლიოში?“, რაზეც ჰენდრიქსს უპასუხია: „არ ვიცი, წადით და რორი გალაგერს ჰკითხეთ“.[7]

გალაგერის 1961 Stratocaster მოდელი თავდაპირველად Royal Showband-ის წამყვან გიტარისტს, ჯიმ კონლონს, ეკუთვნოდა და ითვლება, რომ ირლანდიაში არსებული ამ მოდელის პირველი გიტარა იყო. გალაგერმა ეს გიტარა მეორეულების მაღაზიაში იყიდა 100 ფუნტ სტერლინგად. ამის თაობაზე რორის ძმა დონალი იხსენებდა: „მისი ოცნება იყო, რომ ბადი ჰოლისნაირი გიტარა ჰქონოდა, ეს სტრატოკასტერი მაღაზიაში იყიდებოდა, როგორც ნახმარი გიტარა, 100 ფუნტი სტერლინგი ღირდა. დღევანდელთან შედარებით ვერც შეადარებდი, შეგვიძლია ვთქვათ მილიონი ფუნტი ღირდა. დედაჩემი ამბობდა, რომ მთელი ცხოვრება ვალი გვექნებოდა და რორიმ უპასუხა — „სხვათა შორის, ასეთი გიტარით ორივე პარტიის, რითმისა და სოლოს, დაკვრა შემიძლია, ასე რომ, რითმ გიტარისტი არ დაგვჭირდება და მე შემიძლია მეტი თანხა გამოვიმუშავო და გადავიხადო’“.

დროთა განმავლობაში გიტარის საღებავი მთლიანად გადაიფხიკა და იმის მიუხედავად, რომ გალაგერი გიტარას კარგად უვლიდა რათა დაკვრაში ხელი არ შეშლოდა, მისი საღებავი და ლაკი არ აღუდგენია. მთლიანობაში რორიმ გიტარას ბევრი ნაწილი შეუცვალა და გადააკეთა.

ცხოვრების ბოლო წლებში გალაგერს თვითმფრინავით ფრენის შიში განუვითარდა და ამასთან გასამკლავებლად გარკვეულ წამლებს იღებდა. 1995 წლის 10 იანვარს ნიდერლანდებში ტურისას, რომელიც მოგვიანებით მისი უკანასკნელი კონცერტი აღმოჩნდა, გალაგერს მუცლის ტკივილები დაეწყო და ტურის გაუქმება გახდა აუცილებელი. რორის პარაცეტამოლი გამოუწერეს ტკივილის გასაყუჩებლად, ამ წამალმა კი შესაძლოა ღვიძლისთვის უარყოფითი შედეგები მოიტანოს, რაც ისედაც ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებელი გალაგერისთვის რთული გადასატანი იყო. გალაგერს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა და ცამეტი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იყო, რა დროსაც სტაფილოკოკური ბაქტერიის ინფექცია შეეყარა და 1995 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა, 47 წლის ასაკში. რორი გალაგერს ცოლ-შვილი არ ჰყოლია.

  • Rory Gallagher – 1971
  • Deuce – 1971
  • Live in Europe – 1972
  • Blueprint – 1973
  • Tattoo – 1973
  • Irish Tour '74 – 1974
  • Against the Grain – 1975
  • Calling Card – 1976
  • Photo-Finish – 1978
  • Top Priority – 1979
  • Stage Struck – 1980
  • Jinx – 1982
  • Defender – 1987
  • Fresh Evidence – 1990
  • Notes from San Francisco – 2011
  • Grossman, Stefan (March 1978). „Rory Gallagher: Irish Guitar Star With Roots in American Blues and Rock“. Magazine. Guitar Player magazine.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rory Gallagher's birth certificate. Flickr. ციტირების თარიღი: 15 April 2010
  2. Rory Gallagher. ციტირების თარიღი: 4 January 2010
  3. Grossman, Stefan (March 1978). „Rory Gallagher: Irish Guitar Star With Roots in American Blues and Rock“. Magazine. Guitar Player magazine. ციტირების თარიღი: 28 April 2010.
  4. Extract from Riding Shotgun biography – Prologue: Can't Believe It's True. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 11 March 2010
  5. The A-Z of Irish Music: G — Rory Gallagher Biography. Irish Connections. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 11 March 2010
  6. Stanton, Scott. (2003). The Tombstone Tourist: Musicians. Simon & Schuster, გვ. 319. ISBN 0-7434-6330-7. 
  7. ჯიმი ჰენდრიქსის ციტატით შთაგონებული რორი გალაგერის კედლის მხატვრობა კორკში.[1]