ნადეჟდა ალილუევა
ნადეჟდა ალილუევა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 სექტემბერი, 1901 ბაქო, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
9 ნოემბერი, 1932, (31 წლის) მოსკოვი, რ.ს.ფ.ს.რ., სსრკ |
გარდაცვალების მიზეზი | სუიციდი |
მეუღლე(ები) |
იოსებ სტალინი (ქ. 1919) |
შვილ(ებ)ი |
ვასილი სტალინი სვეტლანა ალილუევა |
მშობლები |
მამა: სერგეი ალილუევი დედა: ოლღა ალილუევა |
ნადეჟდა ალილუევა (აზერ. Nadejda Aliluyeva, რუს. Надежда Аллилуева; დ. 22 სექტემბერი, 1901, ბაქო, რუსეთის იმპერია — გ. 9 ნოემბერი, 1932, მოსკოვი, საბჭოთა კავშირი) — იოსებ სტალინის მეორე მეუღლე და მისი ორი შვილის — ვასილისა და სვეტლანას დედა. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნადეჟდა დაიბადა 1901 წლის 22 სექტემბერს ბაქოში, რუსეთის იმპერიაში. მამამისი იყო რუსი რევოლუციონერი სერგეი ალილუევი, რომელიც რკინიგზაში მუშაობდა. რაც შეეხება დედამისს, ის იყო ნახევრად გერმანელი და ნახევრად ქართველი ქალი ოლღა ალილუევა, თუმცაღა მიუხედავად წარმოშობისა, იგი რუსულის გარდა სხვა ენებზე ვერ მეტყველებდა. ნადეჟდა მათი ნაბოლარა შვილი იყო.
მართალია სერგეი ალილუევი წარმოშობით რუსი იყო, მაგრამ სამუშაოს გამო კავკასიაში მოუხდა გადასახლება, სადაც მან მეორე სამშობლო იპოვნა. რუსეთის დიდი რევოლუციისა და იმპერიის დაშლის პერიოდში, ალილუევების ოჯახი სამეფო ოჯახის მიერ მკაცრად იდევნებოდა. მათ 1917 წლამდე თავი სწორედ ნადეჟდას მომავალ ქმართან, იოსებ სტალინთან შეაფარეს, მისი აღზევების პერიოდში კი საკმაოდ მოძლიერდნენ.
სტალინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნადეჟდა იოსებ სტალინს ჯერ კიდევ მაშინ შეხვდა, როდესაც 1911 წელს მამამისი ციმბირში გადაასახლეს, ოლღა ალილუევამ კი შვილებთან ერთად მასთან შეაფარა თავი.
რევოლუციის შემდეგ ნადეჟდა ლენინის ოფისში კომფიდენციალურ კოდებზე მუშაობდა. იგი ყველანაირად ეწეოდა ბოლშევიკურ პროპაგანდას, რის სანაცვლოდაც დიდ ანაზღაურებასაც იღებდა. ნადეჟდა და იოსები სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდნენ ერთმანეთს. იოსები მან საოცარი ჩაცმულობით, მაკიაჟითა და სხვა ხრიკებით მოხიბლა.
1919 წელს წყვილი დაქორწინდა. ამ დროს სტალინი უკვე ორმოცი წლის ქვრივი და ერთი ვაჟის მამა იყო. მისი პირველი მეუღლე, კატო სვანიძე, ტიფისაგან გარდაიცვალა 1907 წელს. ნადეჟდასა და იოსებს ქორწინებიდან სულ ორი შვილი შეეძინათ: 1921 წელს დაბადებული ვასილი და სვეტლანა, რომელიც 1926 წელს დაიბადა.
ნადეჟდას ახლო მეგობრის, პოლინა ცემჩუცინას განცხადებით, მათი ქორწინება ძალიან უიღბლო და დაძაბული იყო, რასაც თან სდევდა გაუთავებელი კონფლიქტები.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1932 წლის 9 ნოემბერს, სტალინის პარტიის ოფიციალური სადილის შემდეგ, სასოწარკვეთილმა ნადეჟდამ საკუთარ ოთახში თავში ტყვია დაიხალა და ადგილზევე გარდაიცვალა 31 წლის ასაკში. მიუხედავად ყველაფრისა, სტალინმა მისი გარდაცვალების ოფიციალურ ოქმში გარდაცვალების მიზეზად აპენდიციტი ჩააწერინა.
წლების მანძილზე საზოგადოებაში სწორედ ასე იყო ცნობილი, რომ ნადეჟდა აპენდიციტით გარდაიცვალა, მაგრამ 1967 წელს მისი ქალიშვილი სვეტლანა აშშ-ში გაემგზავრა, სადაც გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი. სწორედ იქ აღწერს მისი მშობლების უიღბლო ქორწინებას და ასევე ამ წიგნით ეხდება ფარდა ნადეჟდას ტრაგიკულ გარდაცვალებას. თავად სვეტლანა 1992 წლიდან ბრიტანეთის მოქალაქე გახდა, სადაც გარდაიცვალა 2011 წელს, 85 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Stalin's women". Sunday Times (UK). 29 June 2003. Archived from the original on 21 Nov 2003. Retrieved 26 March 2007.
- V. Topolyansky. Blow from the past. (Russian: В. Торолянский. Сквозняк из прошлого.) Novaya Gazeta/InaPress. Moscow. 2006. ISBN 5-87135-183-2.