შინაარსზე გადასვლა

არისტოტელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არისტოტელე, სტაგირიტი

არისტოტელე (ბერძ. Αριστοτέλης), დაბადების ადგილის, სტაგირის მიხედვით ასევე მოიხსენიებენ სტაგირიტის (დ. ძვ. წ. 384, სტაგირა, მაკედონია ― გ. ძვ. წ. 322, ქალკიდა) — ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.

პლატონის მოსწავლე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი ძვ. წ. 343-დან, ძვ. წ. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი), რომელიც ცნობილია პერიპატეტიკური სკოლის სახელით. პლატონთან და სოკრატესთან (პლატონის მასწავლებელთან) ერთად წარმოადგენს თანამედროვე ფილოსოფიის დასავლური სკოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამფუძნებელს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ვებეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. არისტოტელეს ნაშრომთა სრული კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870. არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით. ფორმალური ლოგიკის შემქმნელი.

პლატონი და არისტოტელე, რაფაელი

არისტოტელე, რომლის სახელიც ნიშნავს „საუკეთესო მიზანს“, დაიბადა სტაგირაში, ქალკედონიაში ძვ. წ. 384 წელს. მისი სამშობლო ქალაქი მდებარეობს თანამედროვე თესალონიკიდან დაახლოებით 55 კმ-ით (34 მილით) აღმოსავლეთით. მამა - ნიკომაქოსი მაკედონიის მეფის, ამინტასის პირადი ექიმი იყო. არისტოტელე აღზარდეს, როგორც არისტოკრატი. დაახლოებით თვრამეტი წლის ასაკში იგი გაემგზავრა ათენში პლატონის აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად. არისტოტელე თითქმის ოცი წლის განმავლობაში დარჩა აკადემიაში, მანამ სანამ ძვ. წ. 348-47 წელს არ დატოვა საბოლოოდ ათენი. ძირითადი ახსნა წარმოადგენს იმას, რომ იგი გულნატკენი დარჩა იმ ფაქტით, რომ აკადემიის მმართველობა პლატონის სიკვდილის შემდეგ გადავიდა მის ძმისწულზე, სპევსიპეზე, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ცოტა უფრო ადრე, ჯერ კიდევ პლატონის სიკვილამდე, ანტიმაკედონურ მოძრაობასაც გაეცალა. შემდეგ მან იმოგზაურა თავის მეგობარ ქსენოკრატესთან ერთად მეგობრის, ჰერმიასის კარამდე ატარნეუსში, მცირე აზიაში. ამავე მოგზაურობის განმავლობაში არისტოტელემ მოინახულა კუნძული ლესბოსი თეოფრასტესთან ერთად, სადაც მათ ერთად გამოიკვლიეს კუნძულის ბოტანიკა და ზოოლოგია. არისტოტელემ ცოლად შეირთო ჰერმიასის ნაშვილები ქალიშვილი (ან ახლო ნათესავი) პითია. მან არისტოტელეს გაუჩინა გოგონა, რომელსაც ასევე პითია დაარქვეს. ჰერმიასის სიკვდილის შემდეგ, ძვ. წ. 343 წელს, არისტოტელე მაკედონიის მეფე ფილიპე მეორემ თავისი შვილის, ალექსანდრეს აღმზრდელად მიიწვია.

არისტოტელე დანიშნეს მაკედონიის სამეფო აკადემიის უფროსად. ამ დროის განმავლობაში ის ასწავლიდა არა მარტო ალექსანდრეს, არამედ ორ სხვა მომავალ მეფესაც: პტოლემეს და კასანდრეს. არისტოტელემ წაახალისა ალექსანდრე აღმოსავლური დაპყრობებისკენ და მისი დამოკიდებულება სპარსეთის მიმართ აშკარად ეთნოცენტრული იყო. ერთ-ერთ შემონახულ ცნობილ მაგალითში, იგი ურჩევს ალექსანდრეს, რომ „იყოს ბერძანთა ლიდერი და ბარბაროსთა დესპოტი, შეხედოს ბერძნებს, როგორც მეგობრებსა და ნათესავებს, ხოლო სპარსელებს კი როგორც მხეცებს ან მცენარეებს“.

ძვ. წ. 335 იგი დაბრუნდა ათენში და დააარსა თავისი საკუთარი სკოლა, რომელიც ცნობილია ლიცეუმის სახელით. არისტოტელე ამ სკოლაში სწავლებას შემდეგი თორმეტი წლის განმავლობაში უძღვებოდა. ათენში მისი მეუღლე პითია დაიღუპა და არისტოტელემ მოიყვანა მეორე ცოლი, ჰერპილე სტაგირიდან. მათ ვაჟი გაუჩნდათ, რომელსაც პაპის, ნიკომაქოსის სახელი დაარქვეს.

მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ პერიოდში, დაახლოებით ძვ. წ. 335-323 წელს შეთხზა არისტოტელემ თავის შრომათა უმეტესობა არისტოტელემ დაწერა მრავალი დიალოგი, რომელთა მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ის შრომები კი, რომელიც შემორჩა, ტრაქტატის ფორმას ატარებს და, როგორც ჩანს, განკუთვნილი არ იყო გამოქვეყნებისათვის და უბრალოდ სალექციო დამხმარე მასალას წარმოადგენდა სტუდენტებისათვის. მისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაშრომებია: ფიზიკა, მეტაფიზიკა, ნიკომაქესეული ეთიკა, პოლიტიკა, De Anima (სულის შესახებ) და პოეზია.

არისტოტელემ არა მარტო შეისწავლა იმ დროისათვის შესაძლო ყველა დისციპლინა, არამედ მრავალ მათგანში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა. ფიზიკის (ბუნებისმეტყველების) სფეროში არისტოტელემ დაამატა თავისი ნაშრომები შემდეგ დარგებში: ანატომია, ასტრონომია, ემბრიოლოგია, გეოგრაფია, გეოლოგია, მეტეოროლოგია, ფიზიკა (საკუთრივ ფიზიკა) და ზოოლოგია. ფილოსოფიის სფეროში (ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერების) მან დაამატა შრომები ესთეტიკაზე, ეთიკაზე, მმართველობაზე, მეტაფიზიკაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ფსიქოლოგიაზე, რიტორიკასა და თეოლოგიაზე. იგი აგრეთვე იკვლევდა აღზრდა-განათლებას, უცხოურ ადათ-წესებს, ლიტერატურასა და პოეზიას. ითვლება, რომ არისტოტელე, შესაძლოა, იყო ბოლო პიროვნება, რომელმაც იცოდა ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს სცოდნოდა თავისი თანამედროვე მეცნიერების შესახებ. პლატონისგან განსხვავებით, რომელიც იყო იდეალისტური სკოლის მამამთავარი, არისტოტელე ითვლება მატერიალისტური სკოლის მამამთავრად.

თავისი მმართველობის ბოლოს ალექსანდრე ეჭვიანი გახდა, ყველგან შეთქმულებას ხედავდა და არისტოტელესაც კი ემუქრებოდა წერილებში. არისტოტელე არ ფარავდა თავის აზრს ალექსანდრეს ღვთაებრიობის პრეტენზიასთან დაკავშირებით. ალექსანდრემაც მოახერხა შურისძიება და არისტოტელეს ძმისშვილიშვილი კალისთენე სიკვდილით დასაჯა, როგორც მოღალატე.

ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ათენში კიდევ ერთხელ გაღვივდა ანტი-მაკედონური მოძრაობა. ევრიმედონემ, რომელიც იეროფანტი ანუ უმაღლესი ქურუმი იყო ათენში, შერისხა არისტოტელე, რადგანაც იგი ღმერთებს საკადრის პატივს არ სცემდა. არისტოტელე გაიქცა დედულეთში, ქალკისში და თავისი საქციელი ამგვარად ახსნა: „მე ვერ მივცემ ათენელებს იმის ნებას, რომ ორჯერ სცოდონ ფილოსოფიის წინაშე“ (სოკრატეს სიკვდილით დასჯას გულისხმობდა). სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ძვ. წ. 322 წელს, იგი ევბეაში, ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა. არისტოტელემ თავისი სურვილის აღმასრულებლად თავისი მოსწავლე ანტიპატრე დანიშნა და დატოვა ანდერძი, რომელშიც მეუღლის გვერდით დაკრძალვას ითხოვდა.

არისტოტელეს ფილოსოფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არისტოტელე, მთელს ცოდნას ყოფდა სამ ნაწილად: თეორიულად (ფიზიკა და მეტაფიზიკა), პრაქტიკულად (ეთიკა და პოლიტიკა) და პოეტიკურად (ხელობები).

  • ფიზიკა — მეცნიერება ძალასა და ენერგიას შორის ონტოლოგიური განსხვავების შედეგად წარმოშობილი მოძრაობის შესახებ.
  • მეტაფიზიკა — მეცნიერება ყოფის პირველ-პრინციპების შესახებ ანუ პირველადი ფილოსოფია. პირველ-პრინციპები:
  1. ფორმა — ის, რაც. საგნის არსებითი მხარე.
  2. მატერია — ის, რისგანაც. უფორმო მატერია წარმოადგენს არარაობას. მატერიის პირველსახე გამოიხატება ხუთ პირველ ელემენტში: წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი და ეთერი (ციური სუბსტანცია).
  3. საწყისი — ის, საიდანაც. ყველა საწყისის საწყისი არის ღმერთი.
  • ეთიკა — სწავლება, რომლის მიხედვითაც ძირითად სიკეთედ ითვლება ორ უკიდურესობას შორის ზომიერების მიღწევა. მაგალითად, გულუხვობა არის შუალედური უკიდურეს სიძუნწესა და უაზროდ მხარჯველს შორის.
  • პოლიტიკა — სწავლება სახელმწიფოს შესახებ. სახელმწიფო — ერთობა საერთო სიკეთისთვის. სახელმწიფო შედგება და ასევე დაპირისპირებულია ოჯახებით — ერთობა საკუთარი კეთილდღეობისთვის. სახელმწიფო წყობის ოპტიმალურ ფორმად მიიჩნევდა პოლიტიას — სახელმწიფოს, სადაც ძალაუფლება მრავალი მდიდარის ხელშია, რომელთაც შეუძლიათ იყიდონ მძიმე საბრძოლო ტექნიკა.
  • თევზაძე, გ.., მიქელაძე, ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 570-572.
  • წერეთელი, ს. „ანტიკური ფილოსოფია“, თბილისი; 1968
  • გოგიბერიძე, მ., ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბილისი, 1941;
  • Bakalis Nikolaos. (2005). Handbook of Greek Philosophy: From Thales to the Stoics Analysis and Fragments, Trafford Publishing ISBN 1-4120-4843-5
  • Barnes J. (1995). The Cambridge Companion to Aristotle, Cambridge University Press.
  • Bocheński, I. M. (1951). Ancient Formal Logic. Amsterdam: North-Holland Publishing Company. 
  • Bolotin, David (1998). An Approach to Aristotle's Physics: With Particular Attention to the Role of His Manner of Writing. Albany: SUNY Press. A contribution to our understanding of how to read Aristotle's scientific works.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: