შინაარსზე გადასვლა

გარგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარგარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
სახეობა:  გარგარი
ლათინური სახელი
Prúnus armeniáca L. (1753)
სინონიმები[1][2]
  • Amygdalus armeniaca (L.) Dumort.
  • Armeniaca ansu (Maxim.) Kostina
  • Armeniaca vulgaris Lam.
  • Prunus ansu (Maxim.) Kom.
  • Armeniaca holosericea (Batalin) Kostina
  • Armeniaca armeniaca (L.) Huth
  • Prunus tiliifolia Salisb.
  • Prunus xanthocarpos Hort. ex C.Koch
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 50134200

გარგარი (ლათ. Prúnus armeniáca) — ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხის სიმაღლე 15 აღწევს. ფოთოლი ელიფსური ან განიერკვერცხისებრია; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად გლუვი კანი.

გარგარის ყვავილობა. დუშეთის მუნიციპალიტეტი, საქართველო

გარგარი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაამტანი მცენარეა. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ მსუბუქ ნიადაგზე. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მოსავლიანობა ყოველწლიურად 8-12 ტონა 1 ჰა-ზე.

გარგარი კულტივირებულია ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში. გარგარის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (4-20 %), ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს; პექტინოვან ნივთიერებებს (0,38-1,27 %); კაროტინს (10 მგ %-მდე); თესლი — 29-58 % ცხიმს. იყენებენ ნედლად, ჩირად და დაკონსერვებულს (კომპოტი, წვენი და სხვა).

საქართველოში გარგარს კურკოვან კულტურათა ნარგაობის 2 % უკავია. გავრცელებულია უმთავრესად კახეთსა და ქართლში. დასავლეთ საქართველოში ჭარბი ტენის გამო ნაკლებად ხარობს. დარაიონებული ჯიშებია: შალახი, ქართული აღჯანაბადი, ალიპრიალა (ხალხური სელექციით შექმნილი ადგილობრივი ჯიში). გარგარის დაავადებებია: კლასტეროსპრიოზი, ბაქტერიული კიბო, ნაცრისფერი სიდამპლე; მავნებლებია — ცხვირგრძელები და პეწიანები.

  1. "Prunus armeniaca", Germplasm Resources Information Network (GRIN) (სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახური (ARS), შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA)), https://npgsweb.ars-grin.gov/gringlobal/taxonomydetail.aspx?id=29841. წაკითხვის თარიღი: 2012-06-22
  2. The Plant List, Prunus armeniaca L.