შინაარსზე გადასვლა

მეცხვარეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ცხვარი პატაგონიაში, არგენტინა
ავსტრალიური მერინოსი

მეცხვარეობამეცხოველეობის დარგი, რომლის ამოცანაა ცხვრის მოშენება ძვირფასი ნედლეულისა (მატყლი, მაჟდაკი, ტყავი) და საკვები პროდუკტების (ხორცი, რძე, ქონი) მისაღებად. მატყლისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი ქსოვილი, ნოხი, ნადაბი, ქეჩა, ცხვრის ტყავისაგან — ქურქი და ბეწვეული, რძისაგან — მაღალი ხარისხის ყველი (თუშური, როქფორი, პიკარინო, ბრინზა და სხვა ნაწარმი).

მეცხვარეობას დასაბამი მიეცა წინა ისტორიულ პერიოდში, როდესაც ადამიანმა გამოიყენა მოშინაურებული ცხვრის პროდუქტები. შინაური ცხვრის წინაპარს (გარეულ ცხვარს) მატყლი არ აქვს. მსოფლიოში დღეისათვის გავრცელებულ 500-ზე მეტ ცხვრის ჯიშიდან მხოლოდ 43-ს არ აქვს მატყლი. უმატყლო ცხვრისაგან შერჩევის გზით მიიღეს უხეშმატყლიანი ცხვარი. ახალ წელთაღრიცხვაზე რამდენიმე საუკუნით ადრე მცირე აზიაში გამოიყვანეს წმინდა და ნახევრადწმინდა მატყლიანი ცხვარი; შუა აზიაში ხალხური სელექციით გამოიყვანეს ადრემწიფადი ცხვრის ერთგვაროვანგანმატყლიანი ჯიშები, რამაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ნახევარწმინდამატყლიან სახორცე-სამატყლე მეცხვარეობას.

ძირითადი პროდუქტების მიხედვით არჩევენ წმინდამატყლიან, ნახევრადწმინდამატყლიან, ნახევრადუხეშმატყლიან და უხეშმატყლიან მიმართულებებს. მათში განასხვავებენ სახორცე-სამატყლე, სამატყლე-სამაჟდაკე, სამატყლე-სახორცე-სარძეო და სხვა მიმართულებებს.

საქართველოში მეცხვარეობა წელთაღრიცხვამდე იყო განვითარებული ძირითადად ზაფხულის ან ზამთრის საძოვრების ზონებში. ბუნებრივი სავარგულების რაციონალური გამოყენების შესაბამისად, ძველთაგანვე ჩამოყალიბდა 3 სისტემა: სამრეწველო-მომთაბარე, სამრეწველო-სტაციონარული და სამომხმარებლო-საკარმიდამო. პირველი გავრცელებულია თუშეთში, კახეთში, ხევსურეთში, მთიულეთში, ქართლში; მეორე — მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში; მესამე — ძირითადად დასავლეთ საქართველოში. ძველი ქართული ცხვრის შეჯვარებით ცაკელთან და დუმიან (ცხიმკუდიან) ჯიშებთან ხალხური სელექციის გზით შეიქმნა თუშური ცხვარი, რომელმაც გავლენა მოახდინა ამიერკავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის ცხვრის ჯიშებზე. დასავლეთ საქართველოში ხალხური სელექციის გზით შეიქმნა იმერული ცხვარი.

ლიტერატურა