შინაარსზე გადასვლა

რუხლოყება მურტალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუხლოყება მურტალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Podiceps grisegena (Boddaert, 1783)
ქვესახეობები
  • P. g. grisegena — დასავლური რუხლოყება მურტალა
  • P. g. holboelii — აღმოსავლური რუხლოყება მურტალა
სინონიმები
  • Colymbus grisegena (Bodd.)[1]
  • Podiceps griseigena (შეცდ.)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696599
გავრცელება

  გამრავლება
  გამოზამთრება
  მთელი წლის განმავლობაში

რუხლოყება მურტალა[1] (ლათ. Podiceps grisegena) — ფრინველი მურტალასებრთა ოჯახისა. საშუალო ზომისაა, სხეულის სიგრძე 40–50 სმ-ია,[2] ფრთისა — 15–21 სმ, ნისკარტისა — 5–5,8 სმ,[3] ფრთების შლილი 77–85 სმ-ია,[2][4] მასა 600–700 გრამს შეადგენს. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ გამოიხატება. ზაფხულში თავი და კისერი ზემოდან შავი აქვს. კეფასა და კისრის უკანა ნაწილში ბუმბულები წაგრძელებულია. თვალების ქვეშ და ყურების უკან აქვს თეთრი ზოლები. თავის გვერდები (ახალგაზრდებში ზოლიანია[5]), ნიკაპი და ყელი რუხია; კისერი წინიდან და ჩიჩახვი — ქარცი. დანარჩენი ქვემო მხარე თეთრია, სხეულის გვერდები — მორუხო-მურა ფერისა. ფრთის ზედა მფარავი და მომქნევი ბუმბულები მოშავოა, მაგრამ მეორე რიგის მომქნევების ნაწილი თეთრია. ზამთარში ზურგის მხარე მუქი მორუხო ფერისა ხდება. კისერი წინიდან და გვერდებიდან, აგრეთვე სხეულის გვერდები მოწაბლისფროა. დანარჩენი ქვემო მხარე — თეთრი. ნისკარტი შავია, მაგრამ ძირში მოყვითალო.[3] არამობუდარი თითქმის მთლიანად ნაცრისფერია.[4] გალო გარეთა მხრიდან და გარეთა თითი შავია, დანარჩენი თითები და გალო შიგნიდან — მოყვითალო-მურა.[3] თითებს სათითაოდ შემოვლებული აქვს ლაპოტი. ხმა — დაბალი „კეკ-კეკ“, გაზაფხულზე — ძლიერი ყვირილი, რომელიც კვიცის ხმას მოაგონებს და ღრენაში გადადის.[6]

ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური რუხლოყება მურტალა (P. g. griseigena). სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უდიდეს ნაწილს, დასავლეთ ციმბირს, აღმოსავლეთ ციმბირს (შუა ციმბირში არ გვხვდება), აგრეთვე კანადის უმეტეს ნაწილს. ევროპასა და დასავლეთ ციმბირში ჩრდილოეთი საზღვარი გადის არხანგელსკსა და უფაზე, ხოლო აღმოსავლეთ ციმბირში — მდ. კოლიმის შესართავთან. სამხრეთ საზღვარს წარმოადგენს ამიერკავკასია, ურალის და სირდარიის ქვემო დინებები, ამურის ზემო დინება და უსურის აუზი.[3] საქართველოში მობინადრეა; გვხვდება ჯავახეთის ტბებზე.[6] ზამთრობს იაპონიიდან და კორეიდან ალეუტის კუნძულების გავლით კალიფორნიამდე, აგრეთვე აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთით ფლორიდამდე. შესაძლებელია შეგვხვდეს აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ და დასავლეთ-ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთის, კასპიისა და შავ ზღვებზე,[7] ინგლისისა და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებზე.[3] ზამთარში მომთაბარეობს.[6] ბუდობის პერიოდში ეტანება წყლის მცენარეულობით მდიდარ მტკნარ წყალსატევებს,[3] მდგარებს ან სუსტად გამდინარეებს.[5] სხვა დროს მოიპოვება ზღვებსა და მდინარეთა შესართავებშიც.[3]

მონოგამური ფრინველია. ბუდობს უმთავრესად კოლონიებად. მაისის მეორე ნახევარში ლელისა და სხვა წყლის მცენარეებისაგან წყალზე აკეთებს ბუდეს. დებს 3-დან 6 კვერცხამდე.[3] ნაჭუჭი მომწვანო-თეთრია.[6] მორიგეობით კრუხობს ორივე მშობელი. ინკუბაცია 23 დღეს გრძელდება.[3] გამოჩეკიდან მალევე შეუძლიათ ცურვა. კვებავს ორივე მშობელი, ზოგჯერ ზურგითაც დაჰყავთ. წელიწადში ერთ თაობას იძლევა, იშვიათად ორს.[8]

ბუდობის პერიოდში იკვებება წვრილი თევზებით, ბაყაყებითა და უხერხემლო ცხოველებითმოლუსკებით, მწერებით და სხვ. ნაწილობრივ ჭამს წყლის მცენარეთა თესლებსა და მწვანე ნაწილებს. ზამთარში რაციონში შედის წვრილი თევზები და კიბოსნაირები.[3] სხვა მურტალასებრთა მსგავსად, ზოგჯერ ბუმბულსაც ჭამენ.[8]

სხვა თევზიჭამია ფრინველების მსგავსად, პესტიციდებით წყლის დაბინძურების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. ზოგიერთ ქვეყანაში რუხლოყება მურტალა ინდიკატორის როლს ასრულებს ბუნებრივი პირობების შეფასებაში.[5] ადამიანის საქმიანობისათვის სხვა დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა გააჩნია.[3]

გალერეა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 65, 141, 202.
  2. 2.0 2.1 Snow, David; Perrins, Christopher M., eds. (1998). The Birds of the Western Palearctic (BWP) concise edition (2 volumes). Oxford: Oxford University Press, გვ. 20–22. ISBN 0-19-854099-X. 
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 კუტუბიძე მ., საქართველოს ფრინველების სარკვევი, თბ.: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1985. — გვ. 39–40.
  4. 4.0 4.1 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 16, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  5. 5.0 5.1 5.2 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 33. 432 с.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  7. BirdLife International (2012). Podiceps grisegena. IUCN Red List of Threatened Species. 2012. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  8. 8.0 8.1 Red-necked Grebe (Podiceps grisegena). Guide to North American Birds. National Audubon Society. audubon.org. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2020.