შინაარსზე გადასვლა

გალაპაგოსის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:03, 27 ივლისი 2021-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
გალაპაგოსის კუნძულების რუკა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1
ინგლ.რუს.ფრ.

გალაპაგოსის კუნძულები (ესპ. Islas Galápagos) — კუნძულთა არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით, სანაპიროდან 965 კილომეტრის დაშორებით. 1832 წლის 12 თებერვლიდან, კუნძულები ეკუთვნის ეკვადორს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ მათი ანექსია მოახდინა.

1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები აღმოაჩინა პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ. კუნძულები პირველად გერჰარდ მერკატორისა და აბრაჰამ ორტელიუსის რუკებზე გამოჩნდა, დაახლოებით 1570 წელს.[1] მას შემდეგ არაერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა“. სწორედ ჩარლზ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი. 1956 წელს, ექსპედიციამ თურ ჰეიერდალის მეთაურობით, დაამტკიცა, რომ მათ ვიზიტამდე ბევრად ადრე, ინდიელები კარგად იცნობდნენ კუნძულებს.

გეოგრაფია

ვირტუალური ტური გალაპაგოსის კუნძულებზე.

გალაპაგოსის კუნძულები შედგება ხუთი დიდი კუნძულისა (ფერნანდინა, ისაბელა, სან-კრისტობალი, სანტა-კრუსი, სანტიაგო) და 14 საშუალო კუნძულისაგან, ასევე 42 ჯუჯა კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობია 8000 კმ².

კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანურ რეგიონს წარმოადგენს. უკანასკნელი ამოფრქვევა კუნძულ ისაბელაზე 2005 წელს დაფიქსირდა.

ტურიზმი

გალაპაგოსის ზღვის ლომი

გალაპაგოსის კუნძულები მთელ მსოფლიოში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აქ არსებულ ფლორას და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით, სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ტურისტებს ასე ძალიან. მცენარეთა და ცხოველთა უამრავი სახეობა კუნძულისათვის ენდემურია. ეკვადორის მთავრობამ გალაპაგოსი ეროვნულ პარკად გამოაცხადა. არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ „გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია“. აქ შეხვდებით სხვადასხვა სახის რეპტილიებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გალაპაგოსის გიგანტური კუ, რომელიც ყველასათვის გალაპაგოსის კუნძულებთან ასოცირდება. აქედან მომდინარეობს თვითონ კუნძულების საერთო სახელიც (insulae de los galopegos – ესპანურად კუების მიწა). ფართოდაა გავრცელებული ხვლიკი იგუანა.

ტურისტულ ტურებში მთავრობის მიერ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ერთ ტურში არ შეიძლება შედიოდეს ოცზე მეტი ადამიანი. ასევე, გალაპაგოსის კუების გამრავლების პერიოდში, ტურისტების შესვლა კუნძულებზე საერთოდ აკრძალულია.

კუნძულებზე მოქმედებს ორი საშუალო ზომის აეროპორტი. ტურისტებს შორის ძალზე პოპულარულია კუნძულებს შორის გემით ან იახტით გადაადგილება. ზოგიერთ კუნძულთან, არსებობს წყალქვეშა პარკები, სადაც შესაძლებელია წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ უამრავ მცირე პარკსა თუ ტურისტულ ობიექტს, ჰქვია ჩარლზ დარვინის სახელი.

ყველაზე მთავარი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ კუნძულების მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი, ეგრეთ წოდებული ცხელი სეზონი არის იანვრიდან აპრილამდე, როდესაც იქ ზაფხულია, რათა მთელი სრულყოფილებით შეიგრძნონ გალაპაგოსის სილამაზე.

მსოფლიო მემკვიდრეობა

1978 წელს გალაპაგოსის კუნძულები გახდა პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. 2007–2010 წწ იგი სიიდან წაშლის საფრთხის ქვეშ იდგა, თუმცა იუნესკოს 2010 წლის სესიაზე, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამოიღეს.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Stewart, Paul D. (2006). Galápagos: the islands that changed the world. Yale University Press, გვ. 43. ISBN 978-0-300-12230-5.