შინაარსზე გადასვლა

ესპანეთის მეხუთე რევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:08, 6 მარტი 2016-ის ვერსია, Otogi (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
დედოფალი ისაბელ II ემიგრაციაში (პარიზი)

ესპანეთის მეხუთე რევოლუციაესპანეთში XIX საუკუნეში მომხდარი ხუთი დაუმთავრებელი რევოლუციიდან მეხუთე. მიმდინარეობდა 1868-1874 წწ. 1868 წლის 18 სექტემბერს კადისში ადმირალ ხუან ბატისტა ტოპეტეს მეთაურობით აჯანყდა ფლოტი. მას მოჰყვა არმიის გამოსვლა, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ გენერალიტეტის უმარლესი წარმომადგენლები (მარშალი ფრანსისკო სერანო, გენერლები ხუან პრიმი, დულსე და სხვ.) ბრძოლას შეუერთდნენ მადრიდის, ბარსელონის, ვალენსიისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა, რომლებსაც უმთავრესად რესპუბლიკელები ხელმძღვანელობდნენ. მთელ ქვეყანაში იქმნებოდა ხუნტები. ალკოლესთან (ანდალუსია) ბრძოლის შემდეგ დედოფალი ისაბელ II 30 სექტემბერს ესპანეთიდან გაიქცა და 18 ოქტომბერს შეიქმნა დროებითი მთავრობა ფრანსისკო სერანოს მეთაურობით. მაგრამ რესპუბლიკელები არ დაუშვეს სახელმწიფოს მმართველობაში. 1869 წელს გამოქვეყნდა ესპანეთის კონსტიტუცია, რომელმაც ესპანეთი მემკვიდრეობით მონარქიად გამოაცხადა. კონსტიტუცია აცხადებდა საყოველთაო საარჩევნო უფლებას მამაკაცებისათვის, ბეჭდვის, კრებების, ასოციაციების ტავისუფლებას, სამოქალაქო ქორწინებას და პირველად ესპანეთის ისტორიაში სარწმუნოების თავისუფლებას. 1869 წლის 18 ივნისს ფ. სერანო დაინიშნა რეგენტად, ხოლო ხუან პრიმი - პრემიერ-მინისტრად. 1870 წელს ესპანეთის ტახტზე აირჩიეს უფლისწული ამადეო სავოიელი (იტალიის მეფის ვიქტორ ემანუელ II-ის შვილი).

რევოლუციის შედეგებმა ვერ დააკმაყოფილა მოსახლეობა, რომლებიც აქტიურად გამოდიოდნენ რესპუბლიკის დამყარების მოთხოვნით. 1868 წლის დეკემბერში დაიწყო რესპუბლიკელთა აჯანყება. ამადეო სავოიელის მმართველობა განიცდიდა როგორც რესპუბლიკელების, ასევე დედოფალ ისაბელისა და კარლისტების მომხრეთა შეტევას. 1873 წლის 11 თებერვალს ამადეო გადადგა სამეფო ტახტიდან და კორტესმა ესპანეთი რესპუბლიკად გამოაცხადა დამყარდა ესპანეთის პირველი რესპუბლიკა. 1874 წლის 3 იანვარს გენერალმა პავიამ და მარშალმა სერანომ მოაწყვეს სამხედრო გადატრიალება, რომლის შედეგად ქვეყანაში დამყარდა სამხედრო დიქტატურა. 1874 წლის 29 დეკემბერს გენერალ კამპოსის მიერ მიერ განხორციელებული ახალი გადატრიალების შედეგად ისაბელ II-ის შვილი ალფონსო XII ესპანეთის მეფედ გამოაცხადეს. ასე დასრულდა მღელვარე XIX საუკუნის რევოლუციები ესპანეთში.