ბელა ახმადულინა
ბელა (იზაბელა) ახატის ასული ახმადულინა (რუს. Белла Ахатовна Ахмадулина) (დ. 10 აპრილი, 1937, მოსკოვი - გ. 29 ნოემბერი, 2010, მოსკოვი), რუსი პოეტი.
ბიოგრაფია
1960 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. ლექსებს ბეჭდავდა 1955 წლიდან. პირველი კრებული „სიმი“ 1962 წელს გამოსცა. ლირიკული ლექსების გარდა ავტორია პიემების, მოთხრობების, ნარკვევების, ლიტერატურული პორტრეტებისა და ესეებისა. ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია მხატვრულ თარგმანს. მან პირველმა წარუდგინა რუსულენოვან მკითხველს ანა კალანდაძე და პირველმა დაარღვია გალაკტიონ ტაბიძის უფერულ თარგმანთა სტერეოტიპი და რუსულად ააჟღერა მისი შედევრები. მანვე შესანიშნავად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, კ. კალაძის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის, ი. ნონეშვილის, ა. სულაკაურის, მ. ქვლივიძის, თ. ჭილაძის, ო. ჭილაძის, მ. ფოცხიშვილის, ი. ორჯონიკიძის, აგრეთვე აფხაზი მწერლების: ბ. შინქუბას და ვ. თარბას ნაწარმოებები.
საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახმადულინას შემოქმედებაში მისი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსადმია მიძღვნილი. წლების მანძილზე ახმადულინას ლექსები პირველად ჟურნალ „ლიტერატურნაია გრუზიაში“ იბეჭდებოდა. საქართველოშივე, გამომცემლობა „მერანში“ გამოვიდა პოეტის ყველაზე ვრცელი კრებულები „სიზმრები საქართველოზე“ (1977, 1979), რომლებიც მოიცავებ მანამდე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ჟანრის (ლექსები, პოემები, თარგმანები, პროზა, წერილები) ნაწარმოებებს და პირველ პუბლიკაციებსაც (რედაქტორ-შემდგენელი გ. მარგველაშვილი).
1977 წელს ახმადულინა გახდა ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადმიის საპატიო წევრი. 1989 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. საერთაშორისო „ტრიუმფის პრიზის“ ლაურეატი (1993).
დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.[1]
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
- Произведения Беллы Ахмадулиной в Библиотеке поэзии
- www.abella.in — Белла Ахатовна Ахмадулина. Биография и стихотворения
- Ахмадулина на Стихии
- Стихи Ахмадулиной на stroki.net
- Союз писателей Грузии скорбит в связи со смертью Беллы Ахмадулиной // "Новости-Грузия"