შინაარსზე გადასვლა

სესკ ფაბრეგასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსესკ ფაბრეგასი

ფრანსესკ ("სესკ") ფაბრეგასი (დ.4 მაისი, 1987, არენის დე მარი, კატალონია, ესპანეთი) კატალონიელი შემტევი ნახევარმცველია, რომელიც ლონდონის "არსენალში" თამაშობს. ლონდონურმა გუნდმა ის "ბარსელონადან" გადმოიყვანა 2003 წელს, ახლა კი მისი თაობის ესპანელ ფეხბურთელებში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

"არსენალში" გადასვლამდე ფაბრეგასმა 17 წლამდე ნაკრებების ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც არაერთხელ გამოიჩინა თავი - "ადიდასისა" და ტურნირის ოქროს ბუცები მოიგო, როგორც ბომბარდირმა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, მისმა ნაკრებმა კი მეორე ადგილი დაიკავა ბრაზილიელთა შემდეგ.

კლუბში სესკის დებიუტი ლიგის თასის თამაშში შედგა "როტერჰემ იუნაიტედთან"; ამ გამოსვლით იგი ასევე "არსენალის" ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. იმ მატჩშიც სესკს მოედანი უშედეგოდ არ დაუტოვებია - ზუსტად შეასრულა თავისი დარტყმა პენალტების სერიაში. ამის შემდეგ, ლიგის თასის მოგვიანებით ეტაპზე მან თამაშიდანაც გაიტანა "ვულვერჰემპტონთან". ფაბრეგასს 2004-05 სეზონამდე არ დაუწყია ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად გამოსვლა - პირველი შემთხვევა "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაფიქსირდა "Community Shield"-ის მატჩში, ამას კი მიყოლებით ოთხი გამოსვლა მოჰყვა პრემიერლიგის შეხვედრებში "ევერტონთან", "მიდლსბროსთან", "ბლექბერნთან" და "ნორვიჩთან". ფრანსესკმა ბევრი გააკვირვა ამ თამაშებში ("ბლექბერნთან" მან გოლიც გაიტანა), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაშიც გამოიჩინა თავი "როსენბორგთან" გატანილი გოლით.

ამას ლონდონელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მოჰყვა, რომლის თანახმადაც სესკი "არსენალის" საკუთრებაა 2011 წლამდე. გუნდიდან პატრიკ ვიეირას წასვლის შემდეგ ესპანელმა მყარი ადგილი მოიპოვა ნახევარდაცვაში და 2005-06 სეზონის დასაწყისიდანვე ხშირად გამოდიოდა ძირითადში; სესკს არც გოლების შეგდება დავიწყებია - გაუტანა "ბლექბერნსა" და "ფულემს" პრემიერლიგაში, თუმცა ყველაზე მეტად შესამჩნევი მისი თამაში ჩემპიონთა ლიგაში იყო - ჯერ "რეალთან", შემდეგ კი "იუვენტუსთან" ნახევარფინალში, სადაც ფაბრეგასი საგოლე პასისა და გოლის ავტორი იყო - მან და ტიერი ანრიმ ორჯერ გაითამაშეს საგოლე კომბინაცია, როცა ჯერ ფრანგმა გაატანინა ფრანსესკს, შემდეგ კი როლები გაცვალეს და უკვე სესკი იყო ანრის ასისტენტი.

ნაკრებში ფაბრეგასმა პირველი თამაში 2006 წლის 1 მარტს ჩაატარა, როცა დავიდ ვილიამ სწორედ მისი პასით გაუტანა კოტ დ'ივუარს.


თარგი:Link FA